logo
ENG



"ძალადობის წამახალისებელი ეფექტი აქვს" - საია მოუწოდებს საგამოძებოს, გამოკითხონ ხარება

28 მაი 202417:02
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/28/c31ko7kh328gti4.jpg

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ზვიად ხარაზიშვილის მუქარის შემცველ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამას ძალადობის წამახალისებელი ეფექტი აქვს.

ორგანიზაციის განცხადებით, საგანგაშოა, რომ შსს-ს მაღალჩინოსანი, რომელსაც მნიშვნელოვანი საპოლიციო ფუნქცია აკისრია, საჯაროდ ავრცელებს ძალადობრივი პრაქტიკების მუქარას.

საიაში აღნიშნავენ, რომ ხარებას ეს განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად ხელისუფლება უკანონო და ადამიანის ღირსების შემლახავ, ძალადობრივ მეთოდებს მიზანმიმართულად იყენებს.

ორგანიზაცია მოუწოდებს საგამოძიებო სამსახურს, ზვიად ხარაზიშვილი გამოკითხონ.

"განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ რუსული კანონის ინიცირების შემდეგ, ადგილი ჰქონდა სამართალდამცავთა მხრიდან შესაძლო წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის არაერთ შემთხვევას. აღსანიშნავია, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური მსგავს შემთხვევებს ადეკვატურ სამართლებრივ კვალიფიკაციას არ აძლევს და გამოძიებას ყოველთვის სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით წარმართავს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს"- ნათქვამია განცხადებაში.

საია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

უარი თქვას ძალადობრივ და ადამიანის უფლებების დამრღვევ პრაქტიკაზე, დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლება და დემონსტრანტების ფიზიკური უსაფრთხოება.

მოუწოდებს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს: არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები.

"შევახსენებთ მათ, რომ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი ბრძანების ან განკარგულებების შესრულება წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს".

მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს: ჰქონდეს ეფექტიანი რეაგირება სამართალდამცავთა მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე, რაც, მათ შორის, გამოიხატება ძალადობის შემთხვევებისთვის სწორი კვალიფიკაციის მიცემაში.

ასევე მოუწოდებს უწყებას გამოკითხოს ზვიად ხარაზიშვილი და ჩატარდეს მისი განცხადების საპასუხოდ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

დღეს გდდ-ს დირექტორმა ზვიად ხარაზიშვილმა თქვა: "მე ახალგაზრდებს არ ვცემ, მე ვცემ არაკაცებს. აი, სია გვაქვს".


close დახურვა